შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მეთოდოლოგიის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. სწავლება ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით ჩატარდა.
ტრენინგის ფარგლებში, ექსპერტებმა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად განიხილეს წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდაციები, ასევე, დახურული ტიპის დაწესებულებებში მოთავსებული პირების უფლებების დაცვის გარანტიები.
ამავდროულად, სწავლება მიზნად ისახავდა მონაწილეების ინფორმირებას დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის ჩატარების მეთოდოლოგიის შესახებ, რასაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ახლახან დამტკიცებული ინსტრუქცია ითვალისწინებს.
აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, მონიტორინგის სამსახურის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით. მასში დაწვრილებით არის გაწერილი დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის ჩატარების პროცესი, კერძოდ, მონიტორინგის სამსახურის მიერ გეგმიური ან არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელების პრინციპები, წესები და პროცედურა, ასევე, მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა უფლება-მოვალეობები და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.